რატომ არსებობს ბოროტება?

რატომ არსებობს ბოროტება?

ბოროტება თითქოს ყველგანაა ჩვენ გარშემო. ჰიტლერი. რუანდის გენოციდი. ტედ ბანდი. ყოველთვის, როცა ახალ ამბებს კითხულობთ ან ტელევიზორს უყურებთ, ეცნობით მოვლენებს, როცა ერთი ინდივიდის ქცევა მეორეს ზიანს აყენებს…

თანამედროვეობაში ბოროტებას მეტწილად რელიგიური მნიშვნელობა გააჩნია. ის ღვთიური არსების ნების საწინააღმდეგო აზროვნებასა და ქცევებთანაა დაკავშირებული. თუმცა თავდაპირველი მნიშვნელობით ბოროტება უბრალოდ ცუდ, მანკიერ ან სასტიკ რამეს ნიშნავდა.

თუკი ამ უფრო ზოგად და არარელიგიურ განსაზღვრებას ავიღებთ – რომ ბოროტება არის არაკეთილმოსურნე ქმედება – გონივრულია ვიკითხოთ, საერთოდ რატომ არსებობს. ცნობილია, რომ ადამიანები წარმოიშვნენ პრიმატებისგან, რომლებიც თავის მხრივ ბევრად მარტივი ცხოველების შთამომავლები იყვნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქცევებში ბევრი შტრიხი წინაპარი ცხოველებისგან გადმოგვეცა. შედის თუ არა მათ რიცხვში ბოროტი ქმედებები – და თუ ასეა, არის თუ არა ეს იმის გამო, რომ ბოროტება რიგ შემთხვევებში უპირატესობა იყო?

სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეგვიძლია ბოროტების ევოლუციის გამოკვლევა?

„ბოროტების ბუნების” მრავალი განსხვავებული განმარტება არსებობს, თუმცა აქ განვსაზღვრავთ, როგორც ქმედებებს, რომლებიც წინასწარგანზრახულად იწვევენ B-ს ტანჯვას, განადგურებას ან ზიანს, რათა სარაგებელი მიიღოს A-მ. უფრო დაწვრილებით გამოსაკვლევად ეს წინასწარ განსაზღვრული ქმედებები შეგვიძლია ოთხ ძირითად კატეგორიად დავყოთ: ბნელ ტეტრადად.

პირველად ეს კატეგორიები 15 წლის წინ ჩამოაყალიბა ფსიქოლოგთა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერი დელ პაულუსი და მისი სტუდენტი კევინ უილიამსი. თავდაპირველად მას ბნელი ტრიადა უწოდეს და მოიცავდა მაკიაველიანიზმს (მანიპულაციური, პირად ინტერესებზე მორგებული, მაცდუნებელი), ფსიქოპათიასა (ანტისოციალური, შეუბრალებელი, გულქვა) და ნარცისიზმს (ამბიციური, ამაყი, თანაგრძნობას მოკლებული). პაულუსმა მოგვიანებით ტრიადა ტეტრადად განავრცო და დაუმატა ყოველდღიური სადიზმი (სისასტიკით ტკბობა). რატომ არსებობს ეს ქცევები ადამიანებში? შეიმჩნევა თუ არა ანალოგიური რამ სხვა ცხოველებში?

 

მაკიაველიანიზმი

მაკიაველიანიზმი გულისხმობს გონიერი სტრატეგიითა და ეშმაკობით ძალაუფლების მოპოვებას და მეტოქის დამარცხებას. ეს, ცხადია, ჩვეულებრივი მოვლენაა პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუნდაც პოლიტიკის მონაწილე ინდივიდები ადამიანები არ იყვნენ.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერმა დარიო მაისტრიპიერიმ 20 წლიანი კვლევისას საინტერესო, მაკიაველიანიზმის მსგავსი ქცევა აღმოაჩინა რეზუსის სახეობის მაიმუნთა საზოგადოებებში. ალფა მამრები მუქარის გამომხატველ მანერებსა და ძალადობრივ ტაქტიკას მიმართავდნენ, რათა დაეცვათ საძილე ადგილები, მდედრები და საკვები. დომინანტი მაიმუნები არაპროგნოზირებად აგრესიას ავლენდნენ, რათა ხელქვეითები დაემორჩილებინათ. იქმნებოდა შეთანხმებები და მდედრი მაიმუნები თავიანთ შვილებზე ალფა მამრთან შეწყვილებით ზრუნავდნენ – თუმცა მის ზურგს უკან სხვა მამრებთანაც წყვილდებოდნენ, რათა ალფა მამრის სიკვდილის ან გადაყენების შემთხვევაში დაცულები ყოფილიყვნენ.

მაისტრიპიერის თქმით, ყოველ მაიმუნს აქვს მაკიაველიანისტური ქცევის უნარი. „ეს მათი იდენტობის შემადგენელი ნაწილია. არასწორია შეხედულება, რომ არსებობენ მაკიაველური ინდივიდები, რომლებიც გამუდმებით ჩადიან ამას და სხვები მსგავსს არაფერს აკეთებენ. ანალოგიურად ადამიანებშიც ეს ბუნების ნაწილია, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ამას გამუდმებით ვაკეთებთ”.

მაკიაველიანისტური ქცევა მაიმუნების ბუნების ნაწილია

 

რეზუსის მაიმუნები ასე იმიტომ იქცევიან, რომ ძალაუფლების მოპოვება სურთ და მაკიაველიანისტური ქცევები ეფექტური მეთოდია დომინანტობის დასამყარებლად და შესანარჩუნებლად, ასევე დომინანტ ინდივიდებთან თანამშრომლობისთვის. თუმცა ეს სტრატეგია რისკს არაა მოკლებული. გაიძვერობაში გამოჭერის შემთხვევაში ამას სასჯელი მოჰყვება, ამბობს მაისტრიპიერი. მაგალითად, როცა ჯგუფის წევრს პატარა მაიმუნებზე თავდასხმაში ამჩნევდნენ, საპასუხო სასჯელი არ აყოვნებდა.

მიუხედავად ამისა, მაკიაველიანისტური სტრატეგიის ქონის უპირატესობებმა შეიძლება უარყოფითი მხარე გადაწონონ, განსაკუთრებით მაღალსოციალურ ცხოველებში, როგორებიც არიან მაიმუნები და ადამიანები.

„როცა დავალებები ურთიერთთანამშრომლობით სრულება, თითქმის ყოველთვის ამას ნაყოფიერი შედეგი მოსდევს, საკვების მოპოვება იქნება, კვება, ბავშვების მოვლა თუ ჯგუფის დაცვა”, ამბობს სამუელ გოსლინგი, ტეხასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი და ცხოველთა პიროვნული ტიპების წამყვანი მკვლევარი.

შეიძლება ითქვას, რომ უფრო მარტივ ცხოველებს მაკიაველიანიზმის პრიმიტიული ფორმა ახასიათებთ. პეპელა მეფისნაცვალი თავს იცავს სხვა სახეობისადმი მიმსგავსებით, რომელიც შხამიანი ან ფრინველებისთვის უგემურია. ზღვის ეშმაკს თავთან გრძელი გამონაზარდი აქვს, რომელიც ბოლოში მსხვილდება და თევზს ან ჭიას ემსგავსება. ის პატარა თევზებს იტყუებს და არაგონივრული თავდასხმისკენ უბიძგებს – ისინი მალევე ხვდებიან მტაცებლის მუცელში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გვაქვს მიზეზი, გვჯეროდეს, რომ წინასწარგანზრახულ ცბიერებას, რომელიც მაკიაველიანიზმის საფუძველია, ძალიან ღრმა ევოლუციური ფესვები აქვს. ის უბრალოდ გადარჩენის ძალიან სასარგებლო სტრატეგიაა.

 

ფსიქოპათია

შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი საკმაოდ უსიამოვნო ინდივიდია.

პრიმატოლოგ ფრანს დე ვაალს ჰოლანდიის ქალაქ არნემის ზოოპარკში ჰყავდა შიმპანზე სახელად პუისტი, რომელიც მისი თქმით, იყო „ორპირი და მჩაგვრელი”, ასევე „მატყუარა და ცბიერი”. მეცნიერებში ის საყოველთაო ანტიპათიას იწვევდა და ხშირად ადარებდნენ კუდიანს.

ამავე პერიოდში ჯეინ გუდოლი შეისწავლიდა დედა-შვილ შიმპანზეებს – პეშენსა და პომს – რომლებმაც 4 წლის განმავლობაში 8 ახალშობილი შიმპანზე შეჭამეს. გუდოლმა პეშენს „გულცივი დედა” უწოდა.

მაგრამ არიან თუ არა ეს პრიმატები ფსიქოპათები?

შიმპანზეები ზოგჯერ ერთმანეთს ხოცავენ

 

ფსიქოლოგ პიტერ ბუირსკისა და რობერტ პლუტჩიკის მიხედვით, შესაძლოა, ასეც იყოს. 1991 წელს მათ გამოიყენეს ემოციების პროფილის ინდექსი, დაკვირვებისას საჭირო საზომი, რათა პეშენი შეესწავლათ. ინდექსი მოიცავს „მატყუარობას, უგულობას, აგრესიულობას, ემოციური კავშირების არარსებობასა და უშიშრობას” – და აღმოჩნდა, რომ პეშენი სოციალური ნორმიდან გადახრილ ქცევებს ავლენდა.

2006 წელს დიდ მაიმუნებზე ჩატარებულ ფსიქოპათოლოგიურ კვლევაში პეშენისა და პომის შემთხვევაც განიხილეს. შიმპანზეების წყვილი „ისე შეუპოვრად მისდევდა კანიბალიზმს, რომ ფსიქიატრი ამას განსაზღვრავდა, როგორც ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობას”, წერდნენ მკვლევარები. თუმცა იქვე აღნიშნავდნენ, რომ დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს სიტყვა „აშლილობას”, რადგან „ჯერ კიდევ დავის საგანია, ინფანტიციდი (ახალშობილთა მკვლელობა) ქცევითი დარღვევაა თუ ადაპტური რეპროდუქციული სტრატეგია”.

1999 წელს დაატყვევეს 34 შიმპანზე და ჯორჯიაში მდებარე კვლევით ცენტრში მოათავსეს „შიმპანზეების ფსიქოპათიის შეფასების” ექსპერიმენტის ჩასატარებლად. შიმპანზეების საცხოვრებლები აავსეს სათამაშოებით, კიბეებით, სალტეებით და პლასტმასის კასრებით, რათა ცხოველებს ეთამაშათ.

შიმპანზეებს აკვირდებოდნენ ისეთი შტრიხების გამოსავლენად, როგორიცაა მოწყენილობისკენ მიდრეკილება, დასჯისგან სწავლის უუნარობა, წყობილებიდან ხშირი გამოსვლა და სხვების გაღიზიანება. ეს შტრიხები ერთობლიობაში შესაძლოა ფსიქოპათოლოგიისკენ მიუთითებდნენ.

მკვლევარებს სთხოვდნენ, პიროვნული შტრიხების დიდი ხუთეულიდან (თანხმობისთვის მზაობა, ექსტრავერსია, ნევროტიზმი, კეთილსინდისიერება და გამოცდილებისადმი ღიაობა) ყველაზე შესაფერისი ამოერჩიათ. დიდი ხუთეულის მოდელს ჯერ იყენებენ ფსიქოლოგები ადამიანთა პიროვნულობის აღსაწერად.

მეცნიერთა ჯგუფმა შენიშნა, რომ „შიმპანზეებში ფსიქოპათიის არსებობის მტკიცებულებები” გამოიკვეთა და დაასკვნა, რომ ადამიანური ფსიქოპათიის გარკვეული მახასიათებლები, მაგალითად რისკზე წასვლა და სულგრძელობის არქონა, დიდ მაიმუნებშიც შეინიშნებოდა. ისევე როგორც ადამიანებში, მამრი შიმპანზეებიც უფრო მაღალ ქულებს აგროვებდნენ, ვიდრე მდედრები.

არამხოლოდ შიმპანზეები ავლენენ ფსიქოპათიისადმი მიდრეკილების ნიშნებს: იგივე ხდება დელფინებშიც.

შოტლანდიის ქალაქ ინვერნესში მდებარე ზეგნებისა და კუნძულების უნივერსიტეტის მეცნიერი ბენ უილსონი იმ გუნდის წევრი იყო, რომელიც აფალინებსა და ზღვის ღორებს შორის არსებული ძალადობრივი ქმედებების მტკიცებულებებს ეძებდა. ჯერ შოტლანდიის სანაპიროზე, შემდეგ კი უელსის, სამხრეთ ინგლისისა და კალიფორნიის მონტერეის ყურეზე გამორიყულ ზღვის ღორებს აღენიშნებოდათ დელფინებისგან მიღებული ზიანის ნიშნები.

„გავრცელდა მოსაზრება, რომ ეს რამდენიმე უცნაური დელფინის გამო მოხდა, რომლებიც მოწამლულები ან ფსიქოზის მქონეები იყვნენ”, ამბობს უილსონი. თუმცა რთულია ამ იდეის მხარდაჭერა თავდასხმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გარეშე – მითუმეტეს, როცა ამ ქცევის ასახსნელად ალტერნატიული ვერსიებიც არსებობს.

მაგალითად, შესაძლებელია, რომ დელფინები ზღვის ღორებს ნადავლის მოპოვებაში ეჯიბრებოდნენ, ამიტომ უბრალოდ მეტოქეების ჩამოშორება სურდათ. თუმცა უილსონი აღნიშნავს, რომ დელფინებს სელაპების მსგავსი დიეტა აქვთ, მაგრამ მათ თავს არ ესხმიან.

ზღვის ღორებზე თავდასხმა შესაძლოა, ინფანტიციდთან ყოფილიყო კავშირში, რაც აფალინებში შეუნიშნავთ. ცნობილია, რომ ზოგიერთ ძუძუმწოვარს ბიოლოგიური მიზეზები გააჩნია ჩვილების დასახოცად. ეს ლომების საზოგადოებაშიც ხდება, როცა მამრი ლომი პრაიდს ეუფლება. უილსონის აზრით, მსგავსი რამ ხდება აფალინებში. შთამომავლობის მოცილება შესაძლოა გონივრული იდეა იყოს, რადგან მდედრს შვილების მოვლა აღარ უწევს და ისევ შეუძლია გამრავლება.

დელფინები შესაძლოა, მეტოქეებს ხოცავდნენ

 

„თუკი დელფინს თავს ესხმით იმ დროს, როცა მას დედა იცავს, ეს სახიფათო ქმედებაა, ამიტომ საამისოდ გამოცდილება გჭირდებათ და ამ როლს შესაძლოა, ზღვის ღორები ასრულებდნენ”, მიიჩნევს უილსონი.

ასეა თუ ისე, დაზუსტებით ჯერ არ ვიცით, აფალინები რატომ ესხმიან ზოგჯერ თავს ზღვის ღორებს. „ჯერჯერობით არ გვაქვს მტკიცებულება, რომ რომელიმე თეორია ან შეხედულება მართებულად გამოვაცხადოთ. ყველა ვერსიას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს და ინფორმაცია არასაკმარისია”, აღნიშნავს უილსონი.

 

სადიზმი

ბნელ ტეტრადაში ყოველდღიური სადიზმი განიხილება, როგორც სისასტიკით ტკბობა.

დელ პაულუსის თქმით, სადიზმი შესაძლოა ეხმარებოდეს ინდივიდს ძალაუფლებისა და დომინანტობის შენარჩუნებაში. „უზნეო პოლიტიკოსები ძალაუფლების მოპოვების შემდეგ დროის გასვლასთან ერთად თითქოს სულ უფრო მეტად სადისტები ხდებიან და შესაძლოა, ეს ჭირდებოდეთ კიდეც, ძალაუფლება რომ არ დაკარგონ”.

მას მაგალითად მოჰყავს ვლად ცეპეში (მეტსახელად „სარზე გამსმელი”), რომელიც მტრებს აფრთხობდა და მათ სამეფოში შემოსვლის სურვილს უკარგავდა საზღვარზე გვამების ჩამოკიდებით. ამით აჩვენებდა დამპყრობლებს, გაგრძელების შემთხვევაში რა ბედი ელოდათ.

არის თუ არა სადიზმი ისეთი ქცევა, რომელიც ადამიანის გარდა სხვა ცხოველებშიც შეგვიძლია, ამოვიცნოთ?

უილსონის თქმით, მას უნახავს, წყალქვეშ მყოფი დელფინები ამოხტომით როგორ ხოცავდნენ ზედაპირთან ჩამომსხდარ თოლიებს. ამ ქმედებას უდავოდ შეიძლება წინასწარგანზრახულად მავნე ეწოდოს, თუმცა სადიზმს მორალური ქვეტექსტიც გააჩნია, რასაც უილსონი დელფინებს არ უსადაგებს – განსაკუთრებით იმის გამო, რომ ზუსტად არ ვიცით, ხვდებიან თუ არა დელფინები, რამხელა ზიანს აყენებენ თავიანთი ქმედებით ფრინველებს.

„ეს მათთვის ბუშტუკებიანი პარკების გახეთქვის მსგავსია”. დელფინები შესაძლოა, მხოლოდ პირადი სიამოვნების მიღების გამო იქცევიან ასე და ვერ ხვდებიან, რომ მათი ქმედება ფრინველებისადმი სისასტიკეა.

ხოლო პაულუსის თქმით, სიამოვნების მიღების უბრალო გზები შეგვიძლია ბავშვურ თამაშებს დავუკავშიროთ და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს სადიზმის ძირითადი საწყისი.

„თუ დააკვირდებით ცხოველებს, რომლებიც მსხვერპლს ეთამაშებიან, ისინი მათ არ კლავენ, არამედ აწამებენ. შესაძლოა კავშირიც ესაა – ვიდრე ზრდასრული ცხოველი გახდები, თამაშობ, ხოლო ზრდასრულობაში სხვა ცხოველის მოკვლა გიწევს. ამ ორ პერიოდს შორის ზღვარი არსებობს, თუმცა ზოგიერთი ზრდასრული ჯერ კიდევ თამაშის ეტაპშია ჩარჩენილი და მისგან თავს ვერ აღწევს”.

ცხოველები მსხვერპლთან თამაშისას მათ აწამებენ ხოლმე

 

ამიტომ შესაძლოა, სადიზმი სინამდვილეში განვითარების შეფერხების ერთ-ერთი ფორმა იყოს. თუ ეს მართლაც ასეა, უცნაურია, რომ ზრდასრულთა საზოგადოებებში ამგვარი ქცევები ხანგრძლივ პერიოდში არსებობს.

პაულუსს ახსნა გააჩნია. „შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რომ მავნე მიდრეკილებები პარაზიტის როლს ასრულებს. ცხოველთა საზოგადოებებში პარაზიტებს ძალიან სასარგებლო ფუნქცია აქვთ. ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ ისინი ანადგურებენ ნაკლებად ადაპტაციურ ინდივიდებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ისეთი თვისებები, რომ სხვებს სარგებელი მოუტანონ.”

მორალურად სადავო არგუმენტია, თუმცა შესაძლოა, ბნელი ტეტრადის ქცევები პარადოქსულად სასარგებლო იყოს ადამიანთა და ცხოველთა საზოგადოებებში, რადგან სხვა ინდივიდებს თავის დაცვისა და ნდობისას სიფრთხილის გამოჩენისკენ უბიძგებს. „ეს ერთგვარად ხელს უწყობს სახეობის ვარგისიანობის შენარჩუნებას”, ამბობს პაულუსი.

 

ნარცისიზმი

პატივმოყვარეობა, რომელიც ნარცისიზმთანაა დაკავშირებული, თითქოს წმინდა ადამიანური ნიშან-თვისებაა. მაგრამ ასეა თუ არა სინამდვილეში? შეგვიძლია თუ არა პარალელები გავავლოთ ნარცისის შარმსა და ქარიზმასა და ზოგიერთი ცხოველის მცდელობას შორის, ყურადღება თავისკენ მიიპყრონ?

მამრი ფარშევანგი თავისი ლამაზი კუდით, მელიის სურნელოვანი ფერომონები, მეკარვიების ცეკვა. ზუსტად ვერ გვეცოდინება, არავერბალური ცხოველები განზრახ ამბიციურები არიან თუ არა, მაგრამ გვაძლევს თუ არა ეს თავის მოსაჩვენებელი ქცევები მინიშნებას იმაზე, როგორ გაჩნდა ნარცისიზმი?

ზოგიერთი ცხოველი დიდი მონდომებით ცდილობს ყურადღების მიპყრობას

 

უკიდურესი ეგოიზმის ახსნა, რომელიც ხშირად ასოცირდება ნარცისიზმთან, შესაძლოა ბევრად ადვილი იყოს, თუკი გავითვალისწინებთ ევოლუციის გენზე ორიენტირებულ ხედვას. გენების ეგოისტურობაზე ყველაზე ცნობილი ნაშრომი რიჩარდ დოკინსს აქვს – გენების ერთადერთი „მიზანი” თაობებში გამრავლებაა და მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუკი მათი წარმატება სხვა გენეტიკური თანმიმდევრობის ან იმ ორგანიზმის ხარჯზე ხდება, რომელშიც მოთავსებული არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა ნაწილობრივ დაძლიეს თავდაპირველი ეგოისტური მისწრაფებები და კულტურული გავლენის შედეგად ეგოიზმის ტყვეობიდან გამოვიდნენ, ყველა ცოცხალი ორგანიზმი „გენის გადარჩენის მექანიზმია” – და ეს ნაწილობრივ დაგვეხმარება არამარტო ნარცისიზმის ევოლუციისა და გადარჩენის, არამედ ბნელი ტეტრადის სხვა კომპონენტების ახსნაშიც.

პაულუსის თქმით, გამრავლების მრავალი წინაპირობა არსებობს. ზოგიერთი მათგანი დღეს შესაძლოა მიუღებლად ჩანდეს, მაგრამ წარსულში უპირატესობა ჰქონდა.

მაგალითად, ფსიქოპათები და მაკიაველური ადამიანები შესაძლოა, უფრო ხშირად კავდებიან – ან ისტორიის მანძილზე კავდებოდნენ – სექსით, ვიდრე ადამიანთა უმეტესობა, რაც მათ ქცევებთან დაკავშირებული პრომისკუიტეტისკენ (არარეგულირებადი სქესობრივი კავშირები) მიდრეკილების შედეგია. „პარტნიორების დარწმუნება და მათზე მანიპულაცია ბევრად ადვილია, თუ სტრატეგიულად აზროვნებთ და სხვა ადამიანისთვის ტკივილის მიყენება არ გადარდებთ”, ამბობს პაულუსი.

„ნარცისი თავს გამორჩეულად გრძნობს და ავლენს თავდაჯერებას, რაზეც ხალხი რეაგირებს, ეს კი გამრავლებისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა”.

თუმცა ძნელი ასახსნელია, რატომ შეიძლება ჰქონდეთ სადისტებს რეპროდუქციული უპირატესობა. „შესაძლოა, წარსულში სადიზმი მეტი ძალაუფლების გამოვლენის საშუალებას იძლეოდა – ძალაუფლებას კი რეპროდუქციამდე მივყავართ”.

„ბუნებას სისხლიანი კბილები და ბრჭყალები აქვს” – ასე აღწერდა ბრიტანელი პოეტი ალფრედ ტენისონი ბუნებაში არსებულ ძალადობას. ამ აღწერის მხარდასაჭერად უდავოდ უამრავი მაგალითი არსებობს. სამხრეთამერიკული გარეული კატა მარგაი ხმით ბაძავს დაჭრილ პატარა ჭრელ ტამარინს, რათა მსხვერპლი შეაცდინოს და თავისთან მოიტყუოს. მდედრი ჩოქელა სექსის შემდეგ ხშირად აგლეჯს თავს პარტნიორს და მის ჭამას იწყებს, ზოგჯერ შუა აქტის დროსაც კი. აფთრის ლეკვები დაბადებიდანვე და-ძმის ხოცვას იწყებენ. მცენარეებიც კი არ არიან გამონაკლისები: ფუტკრის ორქიდეა გარეგნულად ემსგავსება მდედრ მწერს და ასე იტყუებს მამრ ფუტკარს, რომ დამტვეროს.

ასე იტყუებს ფუტკრის ორქიდეა მამრ ფუტკრებს

 

შესაძლოა, მთავარი საიდუმლო არა „ბოროტი” ქცევების წარმოშობა, არამედ ის ფაქტია, რომ ადამიანები ასეთ ქმედებებს ამაზრზენად თვლიან – მიუხედავად იმისა, რომ ცბიერება, ეგოიზმი და სხვა „ბოროტი” შტრიხები ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული და გენების, ცხოველებისა და სახეობების გადარჩენისთვის სარგებელი მოაქვს.

ჯონ არმსტრონგი, ბრიტანელი მწერალი და „სიცოცხლის სკოლის” ფილოსოფოსი, დიდ უფსკრულს ხედავს კაცობრიობის სამართლიანობისა და ეთიკისადმი სწრაფვასა და ბუნების კანონებს შორის. ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ის, რაც „ბოროტად” გვეჩვენება, ბუნებრივი წესრიგის საწინააღმდეგო რამაა, ან სულ მცირე ამის იმედი მაინც გვაქვს. მაგრამ შესაძლოა, სიმართლე სრულიად სხვაგვარი იყოს: ბუნებრივი და წარმატებული სწორედ „ცუდი” ქცევებია. „გასაკვირი ისაა, თუ როგორი მონდომებით (თუმცა ჯერ კიდევ არასრულყოფილად) ცდილობენ ადამიანები, ეს ბუნებრივი წყობა შემოაბრუნონ”, ამბობს არმსტრონგი.


საინფორმაციო წყარო: charlius.com

გადმოწერის ღილაკზე დაწკაპუნებით, ახლა უკვე შესაძლებელია საიტზე არსებული ყველა ფილმის და სერიალის ყურება თქვენს Android, iPhone და iPad მოწყობილობებზე, საუკეთესო ხარისხით!
პაროლი არქივზე: file.ge

| დათვალიერება: 3,860 ჯერ | |