წყალი ჩვენს ცხოვრებაში

წყალი ჩვენს ცხოვრებაში

წყალი დედამიწაზე ყველაზე ცნობილი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ამოუცნობი ნივთიერებაა.
- რატომ უნდა სვას ადამიანმა წყალი?

- წყლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მარილების გამოყოფაა.

ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის 60-65% წყალია. მისი მეშვეობით რეგულირდება სხეულის ტემპერატურა, სტაბილიზდება ცხოველმყოფელობის პროცესები, მიეწოდება უჯრედებს საკვები ნივთიერებები, გამოიყოფა მარილები და წიდა. ადამიანს შეუძლია, ერთ თვემდე გაძლოს საკვების გარეშე, უწყლოდ კი ჩვეულებრივ გარემოში 7-10 დღეს თუ ცოცხლობს, ხოლო ცხელი, მშრალი კლიმატის პირობებში 3-5 დღეზე მეტხანს ვერ ძლებს.
ადამიანი სუნთქვისას საშუალოდ 0,32 ლ წყალს კარგავს. ზომიერი კლიმატის რეგიონში ორგანიზმი დღე-ღამეში 2,5 ლ წყალს გამოყოფს, რაც დაახლოებით 10 ჭიქას უდრის, ხოლო სიცხეში და ფიზიკური დატვირთვისას გამოყოფილი სითხის ოდენობამ შესაძლოა 4,5-5 ლიტრსაც მიაღწიოს. წყლის დანაკარგი ორგანიზმმა გარედან უნდა შეივსოს.
დღე-ღამეში საშუალოდ 6-7 ჭიქა ანუ 2 ლიტრამდე წყლის დალევაა რეკომენდებული. დანარჩენს საკვებიდან ვიღებთ, ხოლო დაახლოებით 0,3 ლიტრი ორგანიზმშივე წარმოიქმნება. ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო წყლის ოდენობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს: სხეულის კომპლექცია, ფიზიკური აქტივობა, კლიმატი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა.

- რა არის წყლის ბალანსი?

- ცხოველმყოფელობის პროცესში ორგანიზმი იღებს და გამოყოფს ერთი და იმავე ოდენობის წყალს. ამ ბალანსის დარღვევა საშიშია. წყლის ნაკლებობისას მცირდება სხეულის წონა, იმატებს სისხლის სიბლანტე, რაც ჟანგბადით და ენერგიით ქსოვილთა მომარაგების გაუარესებას იწვევს. ჩვეულებრივ პირობებში ორგანიზმი გარემოსთან ადაპტაციას ახდენს და წყლის ბალანსი თავისთავად აღდგება, მაგრამ ჭარბი ფიზიკური აქტივობის, ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილების, ყავისა და ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მოხმარების, ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში დისბალანსის აღმოფხვრა ჭირს.

- რა არის გაუწყლოება და როგორ ვითარდება ის?

- გაუწყლოება არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც ორგანიზმში წყლის შემცველობის შემცირება განაპირობებს. წყლის მოთხოვნილების საუკეთესო ინდიკატორი შარდის ფერია. წყლით სათანადოდ გაჯერებული ორგანიზმი თითქმის უფერულ შარდს გამოყოფს, წყლის შედარებითი ნაკლებობისას შარდი ყვითელია, ხოლო გაუწყლოების შემთხვევაში მუქდება და სტაფილოსფერი ხდება.

წყლის დაკარგვას თან სდევს ნატრიუმისა და სხვა ოსმოსურად აქტიური ნივთიერებების ჭარბი გამოყოფა. ამასთანავე, უჯრედშორის სითხეში მათი კონცენტრაცია შესაძლოა უმნიშვნელოდ შეიცვალოს. ეს არის გაუწყლოების იზოოსმოსური ტიპი – წყალი უჯრედშორისი სივრციდან და უჯრედებიდან თანაბარზომიერად გამოიყოფა. როდესაც წყლის დანაკარგი მარილებისას აჭარბებს,  ვითარდება გაუწყლოების ჰიპეროსმოსური ანუ წყალდეფიციტური ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია უჯრედებსა და ქსოვილებში წყლის შემცველობის შემცირება.

ნატრიუმის პირველადი კარგვისას, რაც თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის, ნეფრიტის ზოგიერთი ფორმის დროს ხდება, აღინიშნება ჰიპოოსმოსური ანუ მარილდეფიციტური ტიპის გაუწყლოება, რომლის დროსაც წყალი უჯრედშორისი სივრციდან უჯრედებში გადანაწილდება და ჭარბად გროვდება, რაც უჯრედების ჰიპერჰიდრატაციას იწვევს.

როდესაც ორგანიზმში სითხე საკმარისი არ არის, ირთვება მექანიზმები, რომლებიც უჯრედგარე სივრციდან სისხლის მიმოქცევის სისტემაში წყლის გადასვლას არეგულირებს. მათ შორის განსაკუთრებული როლი აკისრია ანტიდიურეზულ ჰორმონს (ადჰ-ს), რომელიც თავის ტვინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უბანში – ჰიპოთალამუსში გამომუშავდება. ეს ჰორმონი თირკმელებში მოხვედრისას მათ წყლის დეფიციტის შეჩერებას “უბრძანებს”. ამ დროს ჩვენ წყურვილს შევიგრძნობთ.

წყურვილის შეგრძნება სითხის მოთხოვნილების საიმედო ინდიკატორია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს: ნელა მოქმედებს. როდესაც წყურვილის შეგრძნება ჩნდება, ორგანიზმი უკვე გაუწყლოებულია და წყალი რომც დავლიოთ, შესაძლოა, გაუწყლოების ტიპური ნიშნები: ყურადღების გაფანტვა, გაღიზიანება, დაღლილობა, თავის ტკივილი – ერთხანს მაინც გაგრძელდეს. ეს საშიში არ არის, მაგრამ ვერც სასიამოვნოს დავარქმევთ.

რამდენი წყალი სჭირდება ჩვეულებრივ პირობებში ადამიანს, უკვე მოგახსენეთ.
როდესაც სისხლში წყალი ჭარბად არის, მიმდინარეობს საპირისპირო პროცესი: ნატრიუმის გავლენით ოსმორეცეპტორები იწოვს წყალს და წყვეტს ადჰ-ის გამომუშავებას, ხოლო თირკმელები მთელი სიმძლავრით იწყებს მუშაობას. ამ დროს წყურვილის შეგრძნება ქრება.

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ეს სისტემა ეფექტურად მუშაობს. როცა ორგანიზმი გაუწყლოებულია, ჯანსაღი თირკმელები დღე-ღამეში 1 ლიტრ სითხეს გამოყოფს, ხოლო წყლის სიჭარბისას – 20 ლიტრამდე. ზემოთ აღწერილი მექანიზმი წყლის ბალანსის მცირედი ცვლილებების დროსაც კი მოდის მოქმედებაში. წყლის ერთი პროცენტიც რომ დააკლდეს, ადამიანი ძლიერ წყურვილს განიცდის.

- როგორ ვლინდება კლინიკურად წყლის ნაკლებობა?

- გაუწყლოებისას თავს იჩენს წყურვილის მტანჯველი შეგრძნება, პირის, ხახის მკვეთრი სიმშრალე, ხშირად იმატებს სხეულის ტემპერატურა, კანის ტურგორი მკვეთრად დაქვეითებულია, პირის ლორწოვანი გარსი და სკლერები მშრალია, თვალის კაკლები ჩავარდნილია, ხშირად ადგილი აქვს ყაბზობას. მოსალოდნელია ფსიქიკის მოშლა: ასთენია, აპათია ან აგზნება, აგრესიულობა, შიშის შეგრძნება, ჰალუცინაციები, ძილიანობა. ქვეითდება არტერიული წნევა, პულსი ძაფისებურია, სხეულის მდებარეობის შეცვლისას შესაძლოა განვითარდეს ორთოსტატიკური კოლაფსი. კიდევ ერთი ნიშანია მზარდი თავის ტკივილი, რომელიც, ჩვეულებრივ, შუბლის არეში ლოკალიზდება.

სწრაფი გაუწყლოების ყველა ეს ნიშანი ვითარდება სასმელი წყლის მწვავე ნაკლებობისას ან წყლის სწრაფი დაკარგვისას ორგანიზმის გადახურების, ზოგიერთი დაავადების ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს. არსებობს ქრონიკული გაუწყლოებაც. ის თანდათანობით ვითარდება და დიდხანს გრძელდება. გაუწყლოება შესაძლოა იქცეს ისეთი დაავადებების მიზეზად, როგორიც არის გასტრიტი, ალერგია, ასთმა, ართრიტი, ჰიპერტონია, ფსორიაზი.

ასაკოვან ადამიანებს წყლის მოთხოვნილება ისეთივე აქვთ, როგორიც ახალგაზრდებს, მაშინ, როცა ორგანიზმის მიერ წყურვილის შეფასების ადეკვატურობა ასაკთან ერთად მცირდება. ამ მიზეზის გამო ხანდაზმულები გაუწყლოების დროსაც ვერ გრძნობენ წყურვილს და ცოტა წყალს სვამენ, რის გამოც მათ ორგანიზმში დეგენერაციული პროცესები ძლიერდება. კანის სიმშრალე, ნაოჭები და სხვა გარეგნული ნიშნები არა სიბერის, არამედ უჯრედებში წყლის ნაკლებობის ბრალია.

- რა შეიძლება იქცეს გაუწყლოების მიზეზად?

- გაუწყლოება შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათმა საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციის, ქოლერის, სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე ენტერიტისა და კოლიტის დროს, ძლიერმა ღებინებამ მოწამვლის, საყლაპავის სტენოზის, ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზის დროს, პოლიურიამ – შარდის ჭარბმა გამოყოფამ შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის, თირკმელების ზოგიერთი დაავადების, ჰიპერვიტამინოზის, ჰიპერპარათირეოზის, ადისონის დაავადების, შარდმდენი საშუალებების არასწორი მიღების დროს.

დეჰიდრატაციას იწვევს ასევე გაძლიერებული ოფლიანობა, გახშირებული სუნთქვა (რაც თან სდევს ორგანიზმის გადახურებას, ცხელებით მიმდინარე მძიმე ინფექციურ დაავადებებს), ორგანიზმში მოცირკულირე სისხლისა და პლაზმის მოცულობის შემცირება (ძლიერი დამწვრობა, სეროზულ ღრუებში დიდი ოდენობით სითხის ტრანსუდაცია, ასციტი და პასიური ჰიდროთორაქსი). შესაძლოა, გაუწყლოება განპირობებული იყოს წყლის შიმშილით, რომლის მიზეზი ცნობიერების მოშლაა, კლიმატური პირობებით, ჰაერის მაღალი ტენიანობით, ჭარბი ფიზიკური აქტივობით.

გაუწყლოებას უწყობს ხელს ყავა, მაგარი ჩაი, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები, არომატიზატორების შემცველი საკვები, ლუდი, კონსერვები, შებოლილი პროდუქტი. ზემოთ ჩამოთვლილი სასმელები წყლის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს, მით უფრო – მაშინ, როდესაც ადამიანი ყოველდღიური პრობლემების გამო მუდმივ სტრესს განიცდის. ეს სასმელები მართლაც შეიცავს წყალს, მაგრამ მათ შემადგენლობაში შედის გამაუწყლოებელი ნივთიერებებიც (მაგალითად, კოფეინი), რომლებსაც ორგანიზმიდან წყალი გამოაქვს. ჩაის, ყავის, ლუდი სმის დროს ორგანიზმი უფრო მეტ წყალს გამოყოფს, ვიდრე შეიცავს მიღებული სასმელი.

გაუწყლოების ერთ-ერთი მიზეზია ნატრიუმის დეფიციტი. მისი ნაწილი ორგანიზმში სასმელი წყლიდან ხვდება, ნაწილი – საკვებიდან. როგორც უკვე მოგახსენეთ, ნატრიუმი წყალსა და კალიუმთან ერთად ორგანიზმის წყლის ბალანსის რეგულაციაში მონაწილეობს. წყლის საკმარისი ოდენობით მიღებისას ჭარბი ნატრიუმი თირკმელების საშუალებით ადვილად გამოიყოფა ორგანიზმიდან.

- როგორ უნდა ვუმკურნალოთ დეჰიდრატაციას?

- ავადმყოფს ვენაში წვეთოვანით უსხამენ ნატრიუმის იზოტონურ ხსნარს, გლუკოზას, რინგერს, პლაზმის დაკარგვის შემთხვევაში – პლაზმას და მის შემცვლელებს. დასალევად უმთავრესად მინერალურ წყალს იყენებენ, აძლევენ თხევად საკვებს (ბულიონს, წვენებს, კეფირს). არჩევენ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ძირითადი დაავადების დროს უკუნაჩვენები არ არის. მკურნალობის ეფექტურობის მაჩვენებლად შეიძლება მივიჩნიოთ არტერიული წნევის ნორმალიზაცია, გაუწყლოების ზემოთ აღწერილი სიმპტომების გაქრობა, ორთოსტატიკური დატვირთვის ამტანობის გაუმჯობესება, წყალმარილოვანი ბალანსის აღდგენა, რასაც კლინიკური ანალიზები ადასტურებს.

- როგორ ავიცლოთ თავიდან გაუწყლოება?

- სიცხეში შინიდან გასვლის წინ დალიეთ 1 ან 2 ჭიქა წყალი. უშუალოდ სიცხეში წყლის სმას ნუ დაიწყებთ – შესაძლოა, ოფლის გამოყოფა გაძლიერდეს, ეს კი დეჰიდრატაციას გააღრმავებს. ცივ და მშრალ ამინდშიც ჩვეულებრივზე მეტი წყალი უნდა სვათ – ასეთ ამინდში ორგანიზმი წყალს ფილტვებიდან კარგავს.

ასე რომ, სუსხიან ამინდში შინიდან გასვლის წინ დალიეთ ჭიქა წყალი ან ცხელი, ბაცი ჩაი. მომეტებული ფიზიკური დატვირთვისას, თუ ამას სიცხეც დაერთო, ყოველ საათში ოფლის სახით 1 ლიტრამდე წყალს დაკარგავთ, ამიტომ ვარჯიშის დაწყებამდე და შემდეგაც, ნახევარ საათში ერთხელ, მიიღეთ ჭიქა წყალი. გირჩევთ, უპირატესობა მინერალურ წყალს მიანიჭოთ. უხვად სვით წყალი მგზავრობის წინ.

თვითმფრინავში, სადაც ჰაერი მეტისმეტად მშრალია, დეჰიდრატაციის განვითარება გარდაუვალია. ფრენა გაცილებით სასიამოვნო გახდება, თუ საათში ერთხელ 1 ჭიქა წყალს დალევთ. თუ ავად გახდით, მოგიწევთ, გადახედოთ წყლის მიღების რეჟიმს. ამ დროს ექიმი დიდი ოდენობით სითხის მიღებას გირჩევთ, ვინაიდან სხეულის ტემპერატურის ყოველი გრადუსით მომატებისას ნივთიერებათა ცვლის პროცესი დაახლოებით 7%-ით ჩქარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენითვე იზრდება სითხის მოთხოვნილება.

სითხის მოთხოვნილება იმატებს უფრო მძიმე დაავადებების დროსაც. მათ, ვინც თირკმელკენჭოვანი დაავადებისაკენ არის მიდრეკილი, ექიმები ურჩევენ, დღეში 2,5 ლიტრამდე წყალი მიიღონ, რათა თავიდან აიცილონ რეციდივი. სითხის უხვი მიღება რეკომენდებულია შარდგამომყოფი გზების ინფექციის დროს. წყალი ხშირად უნდა სვან უშაქრო დიაბეტით დაავადებულებმაც, მაგრამ  – მხოლოდ ექიმის რჩევით. მან დაავადებისა და წამლების მოქმედების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს წყლის მიღების რეჟიმი.

ალკოჰოლი და კოფეინი, როგორც გითხარით, დეჰიდრატაციას იწვევს, ამიტომ ყოველი ფინჯანი ყავა და ჭიქა მაგარი სასმელი ჭიქა წყლით გაანეიტრალეთ. ორგანიზმის გაუწყლოებას თამბაქოც უწყობს ხელს, ამიტომ მწეველებმაც მეტი წყალი უნდა სვან. ეტი წყლის სმა სჭირდებათ ქალებს, რომლებიც ჩვილებს ძუძუს აწოვებენ. ეჰიდრატაციის პროფილაქტიკა ითვალისწინებს იმ დაავადებების მკურნალობას, რომლებიც წყლის გაძლიერებულ დაკარგვას განაპირობებს, ასევე – შარდმდენი საშუალებების მიღების ჩვენებათა მკაცრ დაცვას.

მათ, ვისაც წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული, ყველა პირობა უნდა შევუქმნათ წყლის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ავადმყოფებს, რომელთაც ცნობიერების ღრმა მოშლა აღენიშნებათ, დღე-ღამეში პარენტერალურად 1 ლიტრამდე სითხე უნდა მიეცეთ. ამასთანავე, აუცილებელია დიურეზისა და შარდის ხვედრითი წონის მუდმივი კონტროლი.

- ყოველთვის სასარგებლოა თუ არა წყლის უხვი მიღება?

- არის დაავადებები, როდესაც წყლის დიდი ოდენობით მიღება საზიანოა. უწინარეს ყოვლისა,  ასეთია ჰიპერტონიული დაავადება და გულის ქრონიკული უკმარისობა, რომელთა დროსაც პაციენტი სხვა მედიკამენტებთან ერთად შარდმდენ საშუალებებს იღებს. შარდმდენები თრგუნავს ორგანიზმში ნატრიუმისა და ქლორის უკუშეწოვას და აძლიერებს კალიუმის გამოყოფას, ამიტომ მათი ჭარბი მიღება გაუწყლოებასთან ერთად ელექტროლიტურ დისბალანსსაც იწვევს.

თუ გულის მწვავე უკმარისობისა და კარდიოგენური შოკის დროს სხვადასხვა კარდიოლოგიურ საშუალებასთან ერთად მიღებულია დღე-ღამეში 2-3 ლიტრამდე სითხის გადასხმა (აუცილებლად ცენტრალური ვენური წნევის კონტროლით), გულის ქრონიკული უკმარისობისას მიღებული სითხის დღეღამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1-2 ლიტრს წვნიანის, ჩაის, კომპოტის ჩათვლით. ასეთ დროს შარდმდენების მიღებისას აუცილებელია დიურეზის კონტროლი. კერძოდ, პირველ დღეებში გამოყოფილი შარდის რაოდენობა მიღებული სითხისას 800-1500 მლ-ით აჭარბებს, რასაც თან სდევს სხეულის მასის 800- 1000 მგ-ით კლება. შარდმდენების შემანარჩუნებელი დოზით მიღებისას მიღებული და გამოყოფილი სითხის ოდენობა ერთმანეთს უნდა გაუტოლდეს, ხოლო სხეულის მასა სტაბილური უნდა დარჩეს.

წყლისა და სხვა სითხეების ჭარბმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში წყლის შეკავება – ჰიპერჰიდრატაცია, რაც შეშუპებების განვითარებას განაპირობებს. ეს უპირატესად მაშინ ხდება, როცა სითხე მარილებით ღარიბია. ასეთ მდგომარეობას წყლით მოწამვლას უწოდებენ.Mმის მექანიზმში მთავარი ნატრიუმის განზავებაა, რაც ღებინებით, თავის ტკივილით, ბრადიკარდიითა და აპათიით გამოვლინდება.

ჰიპერჰიდრატაცია შესაძლოა მარილებით მდიდარი წყლის (მათ შორის – ზღვის წყლის) ჭარბმა მიღებამაც გამოიწვიოს. ასეთ დროს წყალი უჯრედშორის სივრცეში გადადის, თვით უჯრედები კი მის ნაკლებობას განიცდიან. შეშუპებას ერთვის გონების დაბინდვა, ღებინება, სუნთქვის უკმარისობა, ფაღარათი, თავის ტვინისა და ფილტვების შეშუპება. წყალმა შეიძლება ცუდი სამსახური გაუწიოს იმ ქალებს, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ და შიმშილის მოსაკლავად უხვად სვამენ წყალს. ამ გზით დაკლებული წონა მალევე აღდგება.

ავტორი: ლალი ჩხიკვაძე

საინფორმაციო წყარო: icode.ge


loading...

პაროლი არქივზე: file.ge
12.gif2.gif3.gif4.gif

| დათვალიერება: 6,972 ჯერ | |
loading...