საბჭოთა კავშირის 10 უდიდესი საიდუმლო

საბჭოთა კავშირის 10 უდიდესი საიდუმლო

● იმ დროის უდიდესი ბირთვული კატასტროფა.
თუკი ისტორიის ყველაზე საშინელ ბირთვულ კატასტროფაზე ჩამოვარდება საუბარი, პირველად ალბათ ჩერნობილი და ფუკუშიმა გაგახსენდებათ. მცირეოდენმა თუ იცის 1957 წლის კიშტიმის ტრაგედიის შესახებ, რომელიც ოზიორსკში, ჩელიაბინსკის ოლქში მოხდა, რუსეთის სამხრეთ ნაწილში. ჩერნობილის მსგავსად ამ კატასტროფის მიზეზიც არასწორი გადაწყვეტილებები იყო, კონკრეტულად კი უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა. 6-ვე რეაქტორი განლაგებული იყო ყიზილტაშის ტბის სიახლოვეს, გამაგრილებელი სისტემა კი რადიაციით დაბინძურებულ წყალს პირდაპირ ტბაში უშვებდა. მაღალი რადიაციის მქონე ნარჩენები საბოლოოდ მდინარე ობში ხვდებოდა, იქიდან კი – ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში. 1953 წელს დაამატეს თხევადი ნარჩენების შესანახი მოწყობილობა, რომელიც შედგებოდა 8 მ სიღრმეში ბეტონში ჩაშენებული ფოლადის ცისტერნებისგან. რადიოაქტიურობის მაღალი დონის გამო ნარჩენები ხურდებოდა, რის აღმოსაფხვრელადაც გამაგრილებელი სისტემები დააყენეს. 1957 წელს ერთ-ერთი ცისტერნის გამაგრილებელი სისტემა, რომელიც 70-80 ტონა სითხეს მოიცავდა, წყობიდან გამოვიდა და შეკეთება შეუძლებელი გახდა, ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ მიგდების გამო ტემპერატურამ 350 გრადუსამდე აიწია და მოხდა 70-100 ტონა ტროტილის ექვივალენტი ქიმიური აფეთქება, რამაც 160 ტონიანი ბეტონის სახურავი მიწისქვეშეთიდან ჰაერში აისროლა. რადიოაქტიური ნალექები 20 000 კვ. კმ-ზე გავრცელდა, აფეთქებიდან 10-11 საათის შემდეგ რადიოაქტიურმა ღრუბელმა 350 კმ-ით გადაინაცვლა ჩრდილოეთით. რადიოაქტიური გამოსხივება დაახლოებით 270 000 ადამიანს მიწვდა, ევაკუაციისას კი 11 000 ადამიანს გაუნადგურდა საცხოვრებელი. მხოლოდ 1976 წელს ეცნობა დასავლეთს ეს ამბავი საბჭოთა ემიგრანტის ჟორეს მედვედევის მიერ, ხოლო დეტალები საქვეყნოდ ცნობილი გახდა 1989 წელს, ჩერნობილის მოვლენიდან 3 წლის შემდგომ.


● ადამიანი მთვარეზე.
1961 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ განაცხადა, რომ ათწლეულის მიწურულისთვის მთვარეზე ადამიანს დასვამდნენ. მანამდე საბჭოთა კავშირმა რამდენიმე რევოლუციური პროექტი განახორციელა, როგორიც იყო პირველი ობიექტის გაშვება ორბიტაზე, პირველი ცხოველი კოსმოსში და პირველი ადამიანი კოსმოსში. მიუხედავად ამისა, 1969 წლის 20 ივლისს პირველი ადამიანი, რომელმაც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ფეხი დადგა, არა საბჭოელი, არამედ ამერიკელი ნილ არმსტრონგი იყო. თუმცა სსრკ-მ ამ შეჯიბრზე თავიდანვე უარი განაცხადა და 1990 წლამდე მთვარის პროგრამების არსებობას უარყოფდა – ამით ინახავდნენ საიდუმლოდ ინფორმაციას გარკვეულ ექსპედიციებზე, სანამ წარმატებას არ მიაღწევდნენ. 1981 წელს საბჭოთა კავშირმა ნაწილობრივი აღიარება გააკეთა, როცა 1971 წელს გაშვებული უპილოტო ხელოვნური თანამგზავრი Космос 434 ავსტრალიის ცაზე გამოჩნდა. ავსტრალიის მთავრობამ იეჭვა, რომ ხომალდზე შესაძლოა, ბირთვული მასალა იყო, რის გამოც სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწია ახსნა-განმარტების მიცემა, რომ ეს იყო მთვარის ექსპერიმენტული კაბინა. პროგრამის სხვა დეტალები, როგორიცაა საცდელი გაშვებები, საიდუმლოდ დარჩა. 1990 წლიდან გაირკვა, რომ 60-იანებში კომუნისტებმა სცადეს, განეხორციელებინათ ორი საიდუმლო პროგრამა: უპილოტო ზონდი Soyuz 7K-L1 (1967-70 წწ.) და პილოტირებული Soyuz 7K-LOK (1970-74 წწ.), თუმცა საცდელ ფრენაშივე ორივე ექსპერიმენტმა კრახი განიცადა და პირველი 1970 წელს, ხოლო მეორე 1976 წელს გააუქმეს. ამერიკელების მიერ რამდენიმე წარმატებული მისიის განხორციელების გამო სსრკ ამ მარცხს დიდხანს მალავდა.

 
 


● ხელოვნება.
1990-იანებში ჟურნალისტებსა და დიპლომატებს წარუდგინეს მუზეუმი, რომელიც უზბეკეთის შორეულ ქალაქ ნუკუსში მდებარეობდა. მუზეუმი შეიცავდა ხელოვნების ასობით ნიმუშს, რომლებიც სტალინის რეჟიმის საწყის პერიოდში შეიქმნა. ეს ის დრო იყო, როცა მხატვრებს აიძულებდნენ, შემოქმედებისას კომუნისტური პარტიის იდეოლოგიით ეხელმძღვანელათ. ნებისმიერი ღირებული და საინტერესო ნაშრომი, რომელიც ამ იდელოგიას ეწინააღმდეგებოდა, დასაკარგად ან განადგურებისთვის იყო განწირული და ასეც მოხდებოდა, რომ არა კოლექციონერი იგორ სავიცკი. ის სტუმრობდა ფერმწერებს და არწმუნებდა მათ და მათი ოჯახის წევრებს, მისთვის მიენდოთ ნამუშევრები, რომლებსაც შემდგომ ინახავდა ნუკუსში, ასობით კმ სიგრძის უდაბნოთი გარშემორტყმულ ქალაქში. ეს მოვლენა საინტერესოა იმ მხრივ, რომ ხელოვნების ნიმუშები არამარტო დასავლეთის, არამედ მჩაგვრელი საბჭოური რეჟიმის თვალსაც ემალებოდა. სხვა საკითხია, რამდენად ღირებულია ნიმუშები შემოქმედების თვალსაზრისით, მაგრამ ისტორიული კუთხით უდავოდ დიდი ღირებულება აქვთ.

 
 


● კოსმონავტის სიკვდილი.
საბჭოელებმა არამარტო ფრენების შესახებ არსებული ინფორმაცია გაასაიდუმლოეს, არამედ პირველი კოსმონავტის სიკვდილიც. ვალენტინ ბონდარენკო გამოცდის დროს დაიღუპა 1961 წლის მარტში. დასავლეთისთვის მისი არსებობა უცნობი იყო 1982 წლამდე, ფართო საზოგადოებისთვის კი – 1986 წლამდე. სპეციალურ კამერაში მოთავსებულმა ბონდარენკომ სერიოზული შეცდომა დაუშვა – მას შემდეგ რაც მოიშორა სამედიცინო სენსორი და კანი ალკოჰოლიანი ბამბით გაიწმინდა, ბამბა დააგდო ცხელ ფირფიტაზე, რომელზეც ჩაის ადუღებდა ხოლმე. ბამბა მაშინვე აალდა და ცეცხლმა ზომაში სწრაფი მატება დაიწყო, რადგან კამერაში ჰაერის მინიმუმ 50% ჟანგბადი იყო. ბონდარენკომ ალის ჩაქრობა სახელოთი სცადა, რის შემდეგაც ცეცხლი მის ტანსაცმელს მოედო. კარის გაღება მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ მოხერხდა და ამ დროს კოსმონავტს უკვე მესამე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა მიღებული. სხეულის ერთადერთი ადგილი, რომელიც ცეცხლს გადაურჩა, ფეხისგულები იყო. მხოლოდ აქ მოახერხა ექიმმა სისხლძარღვის პოვნა, რათა ნემსი გაეკეთებინა. თმა, კანი და თვალები ცეცხლს გაენადგურებინა. მან გაჭირვებით მხოლოდ ესღა ამოილუღლუღა: „საშინლად მტკივა… გთხოვთ, რამე იღონეთ… გამიყუჩეთ ტკივილი…” 16 საათში ბონდარენკო მიღებული დაზიანებებისა და შოკის შედეგად გარდაიცვალა.

 
 


● ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი შიმშილობა.
1932 წლის შიმშილობის შესახებ ინფორმაცია დიდი ხნის განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული. 30-იანების დასაწყისში რიგი საბჭოური ეკონომიკური ცვლილებების შედეგად სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა და საბოლოო შედეგი უკრაინაში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ვოლგის რეგიონსა და ყაზახეთში რამდენიმე მილიონი ადამიანის სიკვდილი აღმოჩნდა. ალბათ რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა დაუმალო მსოფლიოს მსგავსი მოვლენა, მაგრამ სტალინი და მისი მოკავშირეები ამას ახერხებდნენ, რაცხავდნენ რა ყველანაირ ინფორმაციას ანტისაბჭოურ პროპაგანდად. გარკვეული ცნობები გააჟღერა „New York Times”-მა და რამდენიმე გაზეთმა, მაგრამ საბჭოთა კავშირის მთავრობამ მოიწვია გავლენიანი უცხოელები და წინასწარ დაგეგმილი სცენარი გაითამაშეს: მაღაზიები საკვებით აავსეს, ქუჩები დარეცხეს და დაასუფთავეს, გლეხები და ზოგადად ჩვეულებრივი მოსახლეობა კომპარტიის წევრებით ჩაანაცვლეს. სტუმრებსაც სხვა არაფერი დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ სამშობლოში დაბრუნებისას ეთქვათ, ხმები მასიურ შიმშილობაზე მხოლოდ ჭორიაო. უფრო მეტიც, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინა აღწერა, როგორც „მთლიანად აყვავებული ბაღი”. მონაცემების დეკლასიფიცირება და ანტისაბჭოური პროპაგანდის სტატუსის მოხსნა მხოლოდ 1990 წლიდან დაიწყო.

 
 


● ეკრანოპლანი.
1966 წელს ამერიკულმა ჯაშუშურმა თანამგზავრმა დააფიქსირა ობიექტი, რომელიც გამოიყურებოდა, როგორც დაუსრულებელი რუსული საზღვაო თვითმფრინავი. ის ზომაში უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე ამერიკული თვითმფრინავები. უფრო მეტიც – ექსპერტების დაანგარიშებით, შესაბამისი ზომის ფრთებიც რომ ჰქონოდა, ნორმალური ფრენა ძალიან გაუჭირდებოდა. ამერიკელები საგონებელში ჩავარდნენ, მაგრამ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ 25 წლის შემდეგ შეძლეს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ე.წ. კასპიის ზღვის მონსტრი, ერთ-ერთი ეკრანოპლანი – შუალედური ვერსია თვითმფრინავსა და გემს შორის. დიზაინი იმგვარად იყო შექმნილი, რომ წყლის ზედაპირიდან ან ხმელეთიდან მხოლოდ რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის დაფინანსება ფაქტიურად შეუზღუდავი იყო, სახელის ხსენებაც კი იკრძალებოდა. ეკრანოპლანებს შეეძლოთ ასობით ადამიანის ან რამდენიმე ტანკის დატევა, მოძრაობდნენ რადარით აღმოჩენის არეალის ქვემოთ 560-740 კმ/სთ სიჩქარით. მათ სჭირდებოდათ ნაკლები საწვავი, ვიდრე თანამედროვე სატვირთო თვითმფრინავებს, აღემატებოდნენ ზომაშიც. საბჭოელებს აგებული ჰქონდათ Boeing 747-ზე 1.5-ჯერ გრძელი ეკრანოპლანი, რომელსაც ჰქონდა რეაქტიული თვითმფრინავის 8 ძრავა და ბირთვული რაკეტების 6 სატყორცნი დანადგარი.
დამატებითი მასალა/ფოტოები: vostokwatches.eu, vincelewis.net, businessinsider.com.

 
 


● ყველაზე უარესი სარაკეტო მარცხი ისტორიაში.
საბჭოელების უყურადღებობასა და დაუდევრობას მხოლოდ ბირთვული კატასტროფა არ გამოუწვევია. 1960 წლის 23 ოქტომბერს ისინი ემზადებოდნენ ახალი, ტოპ საიდუმლო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის R-16-ის გასაშვებად. ახალი ტიპის საწვავით აღჭურვილი რაკეტა სპეციალურ სადგამში მოათავსეს, გარშემო კი უამრავი სპეციალისტი ეხვია. ცოტა ხანში რაკეტიდან აზოტმჟავამ დაიწყო გაჟონვა. აქედან ერთადერთი გონივრული გამოსავალი ყველას სასწრაფო წესით ევაკუაცია იყო, მაგრამ პროექტის ხელმძღვანელმა მიტროფან ნედელინმა გაჟონვის ადგილების ამოვსება და ამ გზით დაზიანების გამოსწორება ბრძანა. როდესაც გარდაუვალი აფეთქება მოხდა, სადგამში მყოფი ეკიპაჟის წევრები ადგილზევე დაიხოცნენ. ტემპერატურა იმდენად გაიზარდა, რომ გუდრონირებული გზატკეცილი დაადნო, რის გამოც უამრავი ადამიანი, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ, რბილ მასაში გაიჭედნენ და ცოცხლად დაიწვნენ. მთლიანობაში დაიხოცა 120-ზე მეტი ადამიანი და შემთხვევა ითვლება ისტორიის ყველაზე საშინელ სარაკეტო მარცხად. საბჭოთა პროპაგანდის მანქანა ცხადია, საქმეში ჩაერთო და ამბავი მიჩქმალა, ნედელინის სიკვდილის მიზეზად კი თვითმფრინავის ავარია გამოაცხადეს. მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა პირველი ანგარიში, მოგვიანებით კი დაღუპულთა პატივსაცემად ინციდენტის ადგილას ობელისკი დაიდგა.

 
 


● ყვავილის ეპიდემია.
1948 წელს საბჭოთა კავშირში, ვოზროჟდენიას კუნძულზე (არალის ზღვა) შეიქმნა საიდუმლო ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღების დასამზადებლად. მთავარი მიზანი იყო, ციმბირის წყლული და ბუბონის ჭირი იარაღებად ექციათ. მათ ასევე განავითარეს ბიოლოგიური იარაღი დაავადება ყვავილისგან, 1971 წელს კი ექსპერიმენტისას ვირუსი მოულოდნელად მოსახლეობაში გავრცელდა (უცნობია, გამიზნულად თუ შემთხვევით) და თან საკმაოდ სწრაფად. 10 ადამიანი დაავადდა, მათგან 3 გარდაიცვალა. სასწრაფო წესით მოხდა ასობით ადამიანის კარანტინში მოთავსება, ხოლო ახლომახლო მცხოვრებ 50 000 ადამიანს 2 კვირის განმავლობაში უკეთებდნენ ვაქცინას. ფართო საზოგადოებისთვის ეს ინციდენტი მხოლოდ 2002 წელს გახდა ცნობილი, მანამდე მოსკოვი არც კი აღიარებდა ამ მოვლენის არსებობას, მიუხედავად მისი მასშტაბებისა და დოკუმენტურად აღრიცხული ინფორმაციისა. რთული წარმოსადგენი არაა, რა მოხდებოდა, ეს იარაღი რომ ტერორისტების ხელში აღმოჩენილიყო.

 
 


● ათობით საიდუმლო ქალაქი.
სამხრეთ რუსეთში არსებობს ქალაქი, რომელიც წარსულში არ ჰქონდათ აღრიცხული რუკაზე, იქ არ ჩერდებოდა ავტობუსები, არც საგზაო ნიშნები უთითებდნენ მისკენ მიმართულებას. ამ ქალაქს ოზიორსკი ჰქვია და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად აქ 80 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, წარსულში მასზე მცირეოდენს თუ ჰქონდა ინფორმაცია. გასაიდუმლოების პერიოდში მოიხსენიებოდა, როგორც ჩელიაბინსკ-65, თუმცა ჩელიაბინსკიდან 80-იოდე კმ აშორებდა. რუსეთშიც კი მხოლოდ 1986 წელს გაიგეს მის შესახებ. ამ ყველაფრის მიზეზი ის იყო, რომ ოზიორსკში ბირთვული საწვავის ქარხანა იყო, რომელშიც 1957 წელს ცისტერნა აფეთქდა. თუმცა ქალაქის გასაიდუმლოების გამო კატასტროფას სახელი ეწოდა 10 კმ-ის მოშორებით მდებარე ქალაქის, კიშტიმის მიხედვით. ოზიორსკი მხოლოდ ერთ-ერთია საბჭოთა კავშირის ათობით საიდუმლო ქალაქიდან. ჯერჯერობით 42 მათგანია ცნობილი, თუმცა არის ეჭვები, რომ კიდევ მსგავსი 15 ქალაქი არსებობს. ამ ქალაქების მოსახლეობას მიეწოდებოდა უკეთესი საკვები, ჰქონდათ გაუმჯობესებული სკოლები და ზოგადად ცხოვრების პირობები. უცხოელებს იშვიათად უშვებდნენ ამ ქალაქებში, ამ დროსაც მუდმივად მრავალრიცხოვანი დაცვა ახლდათ თან.

 
 


● კატინის ხოცვა-ჟლეტა.
1940 წელს ლავრენტი ბერიას ინიციატივით და სტალინის მხარდაჭერით, საბჭოელებმა დახოცეს 22 000-ზე მეტი პოლონელი პატიმარი და საერთო სასაფლაოზე დამარხეს. დახოცილთა შორის იყვნენ პოლიციელები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, თანამდებობის პირები, მღვდლები და ა.შ. კომუნისტებმა ამ ამბავში ოფიციალურად ნაცისტები დაადანაშაულეს და მომხდარში პასუხისმგებლობა 1990 წლამდე არ აუღიათ. ეს ისტორია იმითაა გამორჩეული, რომ დამალვაში მონაწილეობდა არამარტო საბჭოთა კავშირი, არამედ მისი მოკავშირე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები. ლონდონში მცხოვრები პოლონელების მსგავსად, ჩერჩილიც იზიარებდა იმ პოზიციას, რომ ეს ბოლშევიკების ნამოქმედარი იყო. მიუხედავად ამისა, ის მოუწოდებდა პოლონეთის დევნაში მყოფ მთავრობას, შეეწყვიტათ ბრალდებები, იდევნებოდა პოლონურ ენაზე გამოცემული გაზეთები და აფერხებდა საერთაშორისო წითელი ჯვრის მიერ ჩატარებულ დამოუკიდებელ გამოძიებას. ფრანკლინ რუზველტიც ანალოგიურად არავის რთავდა სტალინის დადანაშაულების ნებას. ფაქტობრივად, ერთადერთი ხელისუფლება, რომელიც წლების განმავლობაში ამ საკითხზე სიმართლეს ღაღადებდა, ნაცისტური გერმანია იყო – კიდევ ერთი რამ ამ მოვლენაში, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა.

საინფორმაციო წყარო: charliuss.wordpress.com



პაროლი არქივზე: file.ge
12.gif2.gif3.gif4.gif

| დათვალიერება: 4,120 ჯერ | |